გლდანის კოლეჯი საუკეთესო პარტნიორის ტიტულით დაჯილდოვდა
სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის 2019 წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტულით დაჯილდოვდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტისგან მას საპატიო ჯილდო და სერტიფიკატი გადაეცა.
ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. 2020 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, რომელიც შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებს.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოხდა წლის საუკეთესო პარტნიორებისა და დამსაქმებლების გამოვლენა და მათი დაჯილდოება.
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი საქართველოს მთავრობის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს მეოთხე წელია ახორციელებს. 2019 წელს 6 სხვადასხვა პროგრამაში 120 სამუშაოს მაძიებელი გადამზადდა.
თარიღი: