სსიპ - კოლეჯი ″გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი″

კოლეჯის სიახლეები

თეგეტა მოტორსი

თეგეტა მოტორსი

სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა" დღეს თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. თეგეტა მოტორსი არის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. კოლეჯი თავისი საქმიანობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან. პარტნიორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების (საწარმოო პრაქტიკის მიმდინარეობის), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამებში ცვლილების შეტანის პროცესში. თეგეტა მოტორსი კოლეჯის პარტნიორია 2012 წლიდან და მუდმივად ხდება ურთიერთთანამშრომლობა როგორც დასაქმების, ისე პროფესიული საგანამათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში, თეგეტა მოტორსისა და თეგეტა აკადემიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, დეტალურად გაიცნეს ავტომობილის მიმართულების პროფესიული პროგრამების B და C გარემო, აღჭურვილობა, დაესწრნენ სასწავლო პროცესს და პირადად გაესაუბრნენ პროფესიულ სტუდენტებს. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეთა შორის გამოიკვეთა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა, დაიგეგმა დასაქმების ფორუმი, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ექსკურსია რეალურ სამუშაო სივრცეში და ა.შ. სსიპ - კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" მიესალმება კერძო სექტორის ინიციატივებს თანამშრომლობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ პროფესიულ განათლებაში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომავალში პროფესიული განათლების პოლიტიკის წარმართვაზე.

ჭადრაკის შიდა ჩემპიონატი

ჭადრაკის შიდა ჩემპიონატი

ექსტრაკურიკულური ღონისძიებების ფარგლებში, ჭადრაკის კლუბის ინიციატივით, სსიპ - კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ დღეს შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირი გაიმართა. პროფესესიული სტუდენტებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და მიმდინარე მოკლევადიანი პროგრამების მსმენელებმა. ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებული ვებტექნოლოგიების პროფესიული სტუდენტი - ნუკრი მაკალათია გახდა, ხოლო შაშის გარდამავალი თასი, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარე მოკლევადიანი პროგრამის მსმენელებმა - სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა მოიპოვეს. კოლეჯის დირექტორისგან გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. კოლეჯი მადლობას უხდის მონაწილეებს ღონისძიებაში ჩართვისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ.

სტარტაპ ჰაბი

სტარტაპ ჰაბი

სსიპ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ წარმატებით განხორციელდა კონკურსის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარების“ გამარჯვებული პროექტი – „სტარტაპ ჰაბი“. პროექტმა სტუდენტებს საშუალება მისცა დაეუფლებინათ საჯარო გამოსვლის, არგუმენტაციის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარები. მათ მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ დებატებსა და საგრანტო კონკურსებში, მიიღეს პრაქტიკული რჩევები მოწვეული ინვესტორებისგან წარმატებული პრეზენტაციების შესაქმნელად. სტარტაპ ჰაბის ფარგლებში სტუდენტებმა ესტუმრნენ სხვადასხვა კომპანიებს, როგორიცაა: 👉 UZOMO – Big Size ტანსაცმლის კომპანია, რომელმაც სტუდენტებს წარუდგინა სოციალური მედიის მართვის მნიშვნელობა პროფესიული განვითარებისთვის. 👉 VPAU – სტარტაპი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ვიდეო, ფოტო და საჰაერო გადაღებას. 👉 QisaBags – ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდი, სადაც სტუდენტებს სურდათ ელექტრონული კომერციის პროცესის გაცნობა. 👉 VRex Immersive Inc – კომპანია, რომელიც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით ტურისტულ ადგილებს წარმოჩენს; სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება XR/VR/AR/MR ტექნოლოგიებში. 👉 Travel Guide – სტარტაპი ტურისტებისა და ტურისტული ბიზნესების დასაკავშირებლად, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ინოვაციური გადაწყვეტილებები ბაზარზე. სტუდენტები გაუზიარეს გამოცდილებას და მიიღეს რჩევები, თუ როგორ გამოიყენონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ინოვაციურ წამოწყებებში, ასევე მიიღეს მოტივაცია საკუთარი იდეების განვითარებისათვის. პროექტი ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტებში მეწარმეობის, ინოვაციისა და ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას, რაც მომავალში ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. სსიპ კოლეჯი მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, კომპანიას და პროექტის დონორს – პროფესიულ უნარების სააგენტოს – თანამშრომლობისთვის და აცხადებს მზაობას, რომ სტარტაპ ჰაბის სივრცეში შექმნილი მუხტი მუდმივად შენარჩუნდეს

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“

2020 წლიდან განათლების სისტემაში ამოქმედდა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, რომლებიც 9-კლასდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას ერთდროულად მიიღონ სრული ზოგადი განათლება და პროფესიული კვალიფიკაცია. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია საშუალო განათლების ატესტატთან.„გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ამ ეტაპზე ხორციელდება 4 ინტეგრირებული პროგრამა:• გრაფიკული დიზაინი• ვებ ტექნოლოგიები• აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოები• კომპიუტერული ქსელები და სისტემებიროგორც კოლეჯის დირექტორი ნოდარ ხარაზიშვილი აღნიშნავს, პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება – მაგალითად, მხოლოდ გრაფიკულ დიზაინზე 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.პროგრამის სავალდებულო ხანგრძლივობა მინიმუმ 3 წელია და მოიცავს როგორც სასკოლო საგნებს, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პრაქტიკული დავალებების წყალობით, კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლესში ან დასაქმდებიან ადგილობრივ კომპანიებში.ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ანნა ყველაშვილი, რომელმაც მეორე კურსის შემდეგვე დაიწყო მუშაობა, ხოლო კოლეჯის დასრულების შემდეგ სწავლა უმაღლესში გააგრძელა.ინტეგრირებული პროგრამები მჭიდროდ უკავშირდება ბიზნესის საჭიროებებს – კომპანიები ჩართულნი არიან როგორც სასწავლო გეგმის შედგენაში, ისე პრაქტიკული სივრცეების მოწყობაში, რათა კურსდამთავრებულები რეალური მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით გავიდნენ შრომის ბაზარზე.სტატიის სრული ვერსია შეგიძლია იხილოთ ბმულზე– გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება

მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება

კოლეჯის ერთწლიანი (10.08.2023წ.-10.08.2024წ.) სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით კოლეჯის დირექტორის მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი. პროექტი მუშავდება გუნდურად, კოლეჯის თანამშრომლების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების აქტიური ჩართულობით და უნდა ასახავდეს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და ცხადყოფდეს სტრატეგიულ გეგმაში მოცემული მიზნების მიღწევის გზებს, ამ მიზნების ერთგვარ „ჩაშლას“ უფრო მცირე და ადვილად მართვად კომპონენტებად. სამუშაო ჯგუფი მზად არის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რომლებმაც შეიძლება მიმართონ კოლეჯის ადმინისტრაციას ყოველ დღე შაბათ- კვირის გარდა.

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება

2023 წლის 22 ივნისს სსიპ - კოლეჯ "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიულ სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 13-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს პროფესიული განათლების სფერომ პირველად მიიღო სტუდენტები საშუალო პროფესიულ პროგრამებზე. 3-წლიანი სწავლების ციკლი დასრულდება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით, რაც სწავლის უმაღლესი განათლების საფეხურზე გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობა გაორმაგებულია. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომელთაც პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწავლის დასრულება მიულოცეს პროფესიულ სტუდენტებს და ამასთან, სერტიფიკატები გადასცეს ინტეგრიებული მოდულების განმახორციელებლ მასწავლებლებს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო კოლეჯის პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებისა და პორტფოლიოების ჩვენება, პრაქტიკული პროექტების პრეზენტაცია, კომპლექსური დავალებების შედეგად შექმნილი ბროშურებისა და კომიქსის წარდგენა.. სამწლიანი პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიის პარალელურად მიიღეს სრული ზოგადი განათლება. კოლეჯი წარმატებებს უსურვებს მათ და გამოთქვამს მზაობას, დახმარება გაუწიონ აწ უკვე კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე.

College Dog
ქ. თბილისი, ილია ვეკუას ქუჩა, №44