18 ოქტომბერს ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპული დღე აღინიშნება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის ფარგლებში, 16 ოქტომბერს, სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში” საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. პროფესიული სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრეფიკინგის შესახებ სასაუბროდ, მოწვეულები იყვნენ სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის თბილისის დაწესებულების წარმომადგენლები, მარიკა ჟორდანია და თამარ ძაგანია. მათ მონაწილეებს გააცნეს ტრეფიკინგის დანაშაულის განმარტება, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მანდატი, რეფერირების და დაცვის არსებული მექანიზმები და ასევე ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სერვისები. საინფორმაციო შეხვედრას 100-მდე პროფესიული სტუდენტი დაესწრო, მათი ყურადღება ძირითადად ბავშვთა ტრეფიკინგს დაეთმო. ინტერაქციის ფარგლებში, დაისვა კითხვები ტრეფიკინგის მსხვერპლთა უკეთ იდენტიფიცირების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და დაცვის შესახებ. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და სერიოზული დანაშაულია. სსიპ - კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” უერთდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს და აგრძელებს სამოქალაქო აქტივობებს სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით.